ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! –
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, –
თვარა, – კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!
მე – პატრონმა,
მე – პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე – პატრონმა,
მე – პატრონმა
ამისთანა ცის, –
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ –
სხვას მივბაძო?! –
ვის?!
რა გინდა რომ აქ არ იყოს, –
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! –
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი –
არ გეყოფა სიტყვის მარაგი…
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, –
თვარა, – კი!

